ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მთავრობა საღამოს საათებში გადაადგილების შეზღუდვით აქციაზე ადამიანების რაოდენობის შემცირებას ცდილობს.
როგორც დეკანოიძე აცხადებს, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ არჩევნებზე საჩივრები განიხილოს, კომენდანტის საათს აწესებს.
"რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ კომენდანტის საათით და ქალაქების ჩაკეტვით შეამციროს ადამიანების მიმოსვლა აქციებზე და იმის მაგივრად, რომ გაყალბებული არჩევნების საჩივრები განეხილა და ყველა სარჩელი დაეკმაყოფილებინა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი მასშტაბის გაყალბებაზეა საუბარი და მათ შორის მიეღო წინადადება ახალ არჩევნებზე და ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაზე, ამის სანაცვლოდ კომენდანტის საათი დააწესა", ამბობს დეკანოიძე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდი ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში, 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება.
ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ეს გავრცელება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.
8 ნოემბერს 15:00 საათზე ოპოზიცია რუსთაველზე მასშტაბურ საპროტესტო აქციას აანონსებს და ითხოვს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სხვა საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში.
ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. როგორც ამბობენ, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. იყო კარუსელები, ბიულეტინების ჩაყრა, გაკონტროლებული ხმები. ევროპული საქართველოს ცნობით, ყველა ამ დარღვევის რაოდენობა 3-ჯერ და 5-ჯერ აღემატებოდა წინა წლების არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევენს.
არასამთავრობო ორგანოზაციები ლაპარაკობენ ასობით უბანზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი გამოვლინდა და რაც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. საოლქო საარჩევნო კომისიებმა მათი ასობით საჩივარი არ განიხილა ან არ დააკმაყოფილა.